როგორ მოქმედებს სიცხე და ტენიანობა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე? 

ამინდი და გარემო პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზაფხულის ცხელი დღეები განსაკუთრებით საფრთხისშემცველია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის.

 

ზაფხულის პერიოდში არტერიული წნევის მერყეობა პირდაპირ უკავშირდება ორგანიზმის ბუნებრივ მცდელობას, შეინარჩუნოს თერმორეგულაცია. სიცხისა და მაღალი ტენიანობის პირობებში სხეული ცდილობს გაგრილებას, რის გამოც სისხლის ნაკადი უპირატესად კანის ზედაპირისკენ გადამისამართდებ

ამ პროცესის უზრუნველსაყოფად გულს გაორმაგებული დატვირთვით უწევს მუშაობა -  ის იწყებს ბევრად უფრო სწრაფად ცემას და წუთის განმავლობაში ორჯერ მეტს სისხლს გადატუმბავს, ვიდრე ჩვეულებრივ.

კრიტიკული ზღვარი: ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 70 ფარენჰაიტს (დაახლოებით 21°C-ს) აჭარბებს, ხოლო ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 70%-ზე მეტია. რაც უფრო მაღალია ტენიანობა, მით უფრო გაჯერებულია ჰაერი ნესტით, რაც სხეულს ოფლის აორთქლებასა და ბუნებრივ გაგრილებაში უშლის ხელს.

ვინ იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ?

მაღალი ტენიანობა და სიცხე ყველაზე მეტად შემდეგ ჯგუფებზე მოქმედებს:

  • 50 წელს გადაცილებული პირები
  • ჭარბწონიანი ადამიანები
  • პირები, ვისაც აწუხებთ გულის, ფილტვებისა თუ თირკმელების ქრონიკული დაავადებები

გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) და მისი ფარული საფრთხეები

მაღალი ტემპერატურა და ინტენსიური ოფლიანობა იწვევს ორგანიზმიდან სითხის სწრაფ კარგვას. ეს ამცირებს სისხლის საერთო მოცულობას, რასაც საბოლოოდ დეჰიდრატაციამდე (გაუწყლოებამდე) მივყავართ.

გაუწყლოებული ორგანიზმი კარგავს გაგრილების უნარს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის გულზე დაწოლას. როდესაც სხეული იმაზე მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, მას უბრალოდ აღარ შესწევს უნარი, ჯეროვნად შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები.

გაუწყლოება შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ის განსაკუთრებით საშიშ გართულებებს იწვევს ასაკოვან პირებში, ქრონიკული  დაავადების მქონე პირებში და მათში, ვინც ღია ცის ქვეშ ფიზიკურად შრომობს ან ვარჯიშობს.

დამატებითი რისკ-ფაქტორები

ორგანიზმის სითბურ სტრესთან გამკლავებას კიდევ უფრო ართულებს შემდეგი გარემოებები:

  • გულის, ფილტვებისა და თირკმელების ფუნქციური დარღვევები
  • გარკვეული მედიკამენტების მიღება - მაგალითად, დიურეტიკების (შარდმდენების), სედატიური (დამამშვიდებელი) პრეპარატების ან არტერიული წნევის მარეგულირებელი საშუალებების
  • უმარილო ან დაბალნატრიუმიანი დიეტის დაცვა
  • სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევები და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები.
 რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი სიცხის დროს?

თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა ან გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ანამნეზი, სიცხის დროს აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების წესები:

აკონტროლეთ წნევა: სისტემატურად გაიზომეთ არტერიული წნევა

მიიღეთ საკმარისი სითხე: სვით ბევრი წყალი ორგანიზმის ოპტიმალური ჰიდრატაციისთვის

ერიდეთ პიკურ საათებს: მოერიდეთ გარეთ გასვლას შუადღის საათებში

დაიცავით ბალანსი კვებაში: იკვებეთ მსუბუქად და ჯანსაღად

გამოიყენეთ დამცავი საშუალებები: ღია ცის ქვეშ ყოფნისას აუცილებლად ატარეთ ქუდი და წაისვით მზისგან დამცავი კრემი

დარჩით გრილ გარემოში: უმცირესი ეჭვის ან უსიამოვნო შეგრძნების შემთხვევაშიც კი, უმჯობესია დრო შენობაში, გრილ სივრცეში გაატაროთ

საგანგაშო სიმპტომები (როდის უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ?)

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ორგანიზმს. ნიშნები იმისა, რომ სხეული ვეღარ უმკლავდება სითბურ დატვირთვას, მოიცავს:

  • ცივ, ნამიან ან წებოვან კანს;
  • ცნობიერების არევასა და დაბნეულობას;
  • თავბრუსხვევასა და დეზორიენტაციას;
  • მკვეთრად აჩქარებულ პულსს;
  • ჭარბ ოფლიანობას ან, პირისპირ, ოფლის გამოყოფის სრულ შეწყვეტას;
  • გამოხატულ საერთო სუსტობასა და დაღლილობას;
  • ძლიერ თავის ტკივილს;
  • კუნთების კრუნჩხვებსა თუ სპაზმებს;
  • გულისრევის შეგრძნებას;
  • კიდურების (ხელების ან ფეხების) შეშუპებას.

 მნიშვნელოვანია: თუ თქვენ ან თქვენს გარშემომყოფს აღენიშნება ამ სიმპტომებიდან ორი ან მეტი, დაუყოვნებლივ მოერიდეთ სიცხეს, გადაინაცვლეთ გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

 სიცხის გავლენა მედიკამენტებზე და მათი შენახვის წესები

ისევე, როგორც ზრუნავთ საკუთარი სხეულის გაგრილებაზე, აუცილებელია იზრუნოთ წამლების სწორ შენახვაზეც. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა დაშალოს ან გააფუჭოს მედიკამენტების აქტიური ნივთიერებები (მაგალითად, დიაბეტის მართვისთვის განკუთვნილი ინსულინი).

  • შენახვის პირობები: მედიკამენტები შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
  • ორიგინალი შეფუთვა: თუ წამლებს ინახავთ სააბაზანოში, ფანჯრის რაფასთან ახლოს ან ავტომობილში, აუცილებლად დატოვეთ ისინი ქარხნულ შეფუთვაში — ეს მათ მაქსიმალურად დაიცავს ზედმეტი სიცხისა და ნესტისგან.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი თავად მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციასა და ჰიდრატაციაზე. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნება:

  • არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ბეტა-ბლოკატორები და შარდმდენები/დიურეტიკები);
  • ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიჰისტამინები და დეკონგესტანტები);
  • ფსიქიატრიული მედიკამენტები (მაგალითად, ანტიფსიქოტიკები).