„ყოველი ისტორია უნიკალურია, ყოველი ბრძოლის გზა კი - მნიშვნელოვანი“ ხაზს უსვამს იმას, რომ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული თითოეული გამოცდილება განსხვავებულია. თითოეულ ადამიანს შესაძლოა განსხვავებული გამოწვევების გადალახვა მოუწიოს — დიაგნოზის, მკურნალობის, მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
ძუძუს კიბო კვლავ რჩება გლობალური ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად
მსოფლიოში ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია. 2024 წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაახლოებით 2.4 მილიონ ქალს დაუსვეს, ხოლო დაავადებით 694 000 ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევების დაახლოებით 80% ვითარდება ქალებში, რომლებსაც სქესისა და ასაკის გარდა სხვა კონკრეტული რისკ-ფაქტორი არ აქვთ.
იგი და შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ქალში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თუმცა დაავადების სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
ძუძუს კიბოს სკრინინგი
ბოლო წლებში ძუძუს კიბოს მქონე ადამიანების გადარჩენის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, ხოლო დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა თანდათან მცირდება.
ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ძუძუს კიბოს სკრინინგის განვითარებას - მედიცინაში სკრინინგი არის დაავადების ან პათოლოგიური ცვლილებების ადრეული გამოვლენის მიზნით, ჯანმრთელი ადამიანების გეგმური გამოკვლევა.
რენტგენო-მამოგრაფიას ხშირ შემთხვევაში შეუძლია, დაახლოებით 2 წლით ადრე გამოავლინოს დაავადების განვითარების რისკები, რაც საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზევე განვახორციელოთ პრევენციული ჩარევები და მაქსიმალურად ავირიდოთ ძუძუს კიბოს ჩამოყალიბება.
რატომ არის ძუძუს კიბოს სკრინინგი მნისვნელოვანი
სკრინინგის არსი სწორედ ის არის, რომ მასში ჩართული უნდა იყოს ყველა ქალი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რაიმე სუბიექტური ან ობიექტური ჩივილი, რათა ადრეულ ეტაპზევე მოხდეს შესაძლო რისკების შეფასება და პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა.
მამოგრაფიის პასუხების გაშიფვრის შემდეგ ხდება რისკის ჯგუფების გამოვლენა, რაც, თავის მხრივ, ამარტივებს დაავადების შესაძლო მართვას და საშუალებას გვაძლევს, დროულად განვახორციელოთ შესაბამისი პრევენციული ან სამკურნალო ღონისძიებები.
საბოლოოდ, მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან მიზნამდე — დაავადების ადრეულ გამოვლენამდე და დროულ ჩარევამდე.
დრეულ ეტაპზე გამოვლენილი ძუძუს კიბო, რა თქმა უნდა, განაჩენი არ არის!
დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა პაციენტს კეთილსაიმედო შედეგის მიღწევის მნიშვნელოვნად მეტ შესაძლებლობას აძლევს.
რა უნდა ვიცოდეთ?
ძუძუს კიბოს შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- კვანძი ან შეშუპება — მკერდში, გულმკერდის ზედა ნაწილში ან იღლიაში;
- კანის ცვლილება — კანის ჩაღრმავება, შეჭმუხვნა ან სხვა უჩვეულო ცვლილება;
- მკერდის კანის ფერის ცვლილება — კანი შეიძლება გახდეს უფრო მუქი, მოწითალო ან ანთებითი იერის;
- ძუძუსთავის ცვლილება — მაგალითად, მისი შიგნით ჩაბრუნება;
- გამონაყარი ან ქერქის წარმოქმნა ძუძუსთავის ირგვლივ;
- უჩვეულო გამონადენი ძუძუსთავიდან;
- მკერდის ზომის ან ფორმის ცვლილება.
მხოლოდ მკერდის ტკივილი, როგორც წესი, ძუძუს კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშანი არ არის. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ ტკივილს მკერდში ან იღლიაში, რომელიც მუდმივად გაწუხებთ.
როგორ შევამოწმოთ მკერდი?
მკერდის თვითშემოწმებას სპეციალური მეთოდი ან ტრენინგი არ სჭირდება. მნიშვნელოვანია, იცნობდეთ თქვენი მკერდის ჩვეულ მდგომარეობას და ყურადღება მიაქციოთ ნებისმიერ ახალ ან განსხვავებულ ცვლილებას.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი პრინციპი — TLC:
- შეეხე (Touch) — შეამოწმე, ხომ არ გრძნობ ახალ ან უჩვეულო კვანძს, გამკვრივებას ან სხვა ცვლილებას.
- დააკვირდი (Look) — შეხედე, ხომ არ შეიცვალა მკერდის ფორმა, ზომა, კანის იერი ან ძუძუსთავის მდგომარეობა.
- შეამოწმე (Check) — თუ რაიმე ახალი ან უჩვეულო ცვლილება შენიშნე, მიმართე ექიმს.
მკერდის შემოწმებისას ყურადღება მიაქციე მთელ არეს — მკერდს, ლავიწამდე არსებულ ზედა ნაწილს და იღლიებსაც.
მნიშვნელოვანია: მკერდში აღმოჩენილი ნებისმიერი ცვლილება კიბოს არსებობას არ ნიშნავს, თუმცა მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თუ შეამჩნევთ ახალ ან უჩვეულო ცვლილებას, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევა.