8 ივლისი – ალერგიის მსოფლიო დღე: სიმპტომები, მართვა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

თანამედროვე მსოფლიოში ალერგია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ პათოლოგიად ითვლება, რომლის დროული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მთავარი პირობაა.

რა არის ალერგია?

ალერგია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის ზემგრძნობიარე რეაქცია ისეთ ნივთიერებებზე (ალერგენებზე), რომლებიც უმრავლესობისთვის სრულიად უვნებელია. ალერგენი შეიძლება იყოს მცენარეული მტვერი, საკვები პროდუქტები, შინაური ცხოველების ბეწვი, მწერის ნაკბენი, ობის სოკო ან გარკვეული მედიკამენტები. იმუნური სისტემა გამოიმუშავებს დამცავ ცილებს - ანტისხეულებს, რომელთა დანიშნულებაც ორგანიზმში შემოჭრილ მავნე მიკრობებთან ბრძოლაა. თუმცა ალერგიის დროს იმუნური სისტემა შეცდომით აწარმოებს ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც კონკრეტულ, რეალურად უვნებელ ალერგენს საფრთხედ აღიქვამენ. ამ ნივთიერებასთან განმეორებითი კონტაქტი იწვევს იმუნურ საპასუხო რეაქციას, რასაც ხშირად თან ახლავს კანის, სინუსების (წიაღების), სასუნთქი გზებისა თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება.

 ალერგიული რეაქციები ინდივიდუალურია: ისინი შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი გაღიზიანებიდან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ალერგიის უმეტესობა სრულად არ იკურნება, სათანადო თერაპია სიმპტომების ეფექტურად შემსუბუქებაში გვეხმარება.

რისკ-ფაქტორები

ალერგიის განვითარების რისკს ზრდის:

  • გენეტიკური განწყობა - ოჯახურ ანამნეზში ასთმის, თივის ცხელების, ჭინჭრის ციების ან ეგზემის არსებობა
  • ბავშვთა ასაკი
  • ორგანიზმში სხვა რომელიმე ასთმური ან ალერგიული პათოლოგიის არსებობა
 სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები დამოკიდებულია უშუალოდ ალერგენის ტიპზე. მათ შეუძლიათ დააზიანონ სასუნთქი გზები, სინუსები და ცხვირის ღრუ, კანი ან საჭმლის მომნელებელი სისტემა. რეაქციის სიმწვავე მსუბუქიდან უკიდურესად მძიმემდე მერყეობს და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობას - ანაფილაქსიას იწვევს.

თივის ცხელებამ (ალერგიული რინიტი) შეიძლება გამოიწვიოს:

  • ცემინება
  • კანის, ცხვირის, თვალების ან სასის ქავილი
  • სურდო და ცხვირის გაჭედვა
  • ზოგადი სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება
  • თვალების გაწითლება, ცრემლდენა ან შეშუპება (ალერგიული კონიუნქტივიტი)

კვებითმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში
  • ტუჩების, ენის, სახის ან ყელის შეშუპება
  • კანზე ქავილიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
  • ცხვირის გაჭედვა, ცემინება ან თვალების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება
  • მუცლის სპაზმები, ღებინება ან დიარეა
  • ანაფილაქსია

მწერის ნაკბენზე (ნესტარზე) ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ნაკბენ ადგილზე ტკივილი და მკვეთრად გამოხატული შეშუპება (ედემა)
  • კანის ქავილი ან ჭინჭრის ციება მთელ სხეულზე
  • კანის ალები (სიმხურვალე და გაწითლება)
  • ხველა, მოჭერითი ტკივილი მკერდის არეში, ხტვენითი სუნთქვა ან ქოშინი
  • ანაფილაქსია

მედიკამენტურმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ჭინჭრის ციება
  • კანის ქავილი ან გამონაყარი
  • სახის შეშუპება
  • ხტვენითი (სასტვენი) სუნთქვა
  • სუნთქვის გაძნელება (ქოშინი)
  • ღებინება ან დიარეა
  • თავბრუსხვევა
  • ანაფილაქსია

ატოპიურმა დერმატიტმა (ალერგიული კანის დაავადება, იგივე ეგზემა) შეიძლება გამოიწვიოს:

  • კანის ძლიერი ქავილი
  • წითელი ან ყავისფერი ლაქების გაჩენა (რაც მუქი ტონის კანზე შედარებით რთულად შესამჩნევია)
  • კანის აქერცვლა ან დახეთქვა
ანაფილაქსია

ზოგიერთ ალერგენს (მაგალითად, გარკვეულ საკვებს, მწერის ნაკბენსა და მედიკამენტებს) შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსია. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა პაციენტი შოკში ჩააგდოს. მისი სიმპტომებია:

  • გონების დაკარგვა
  • არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა
  • მწვავე ქოშინი და ყელის სპაზმი (მოხრჩობის შეგრძნება)
  • კანზე ჭინჭრის ციებისებრი გამონაყარი
  • თავბრუსხვევა
  • ხშირი და ძაფისებრი (სუსტი) პულსი
  • გულისრევა, ღებინება ან დიარეა
  • გარდაუვალი საფრთხის (სიკვდილის შიშის) შეგრძნება
 გართულებები

ალერგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სხვადასხვა თანმდევი დაავადებისა და გართულების განვითარებას, როგორიცაა:

  • ანაფილაქსია: მძიმე ფორმის ალერგიის მქონე პირებში ამ მწვავე რეაქციის რისკი გაცილებით მაღალია.
  • ასთმა: ალერგიული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან ასთმისკენ. გარემო ალერგენებით პროვოცირებულ ფორმას ალერგიულ ასთმას უწოდებენ.
  • სინუსების, ყურებისა და ფილტვების ინფექციები: თივის ცხელებისა და ასთმის ფონზე საგრძნობლად იზრდება მწვავე სინუსიტის, ოტიტისა და ბრონქიტის განვითარების ალბათობა.
პრევენცია

ალერგიული რეაქციების თავიდან აცილება დამოკიდებულია დაავადების სპეციფიკაზე. ზოგადი პრევენციული ზომები მოიცავს შემდეგს:

  • მოერიდეთ ცნობილ გამომწვევებს: ეს წესი ძალაში რჩება მკურნალობის კურსის პარალელურადაც. მაგალითად, მცენარეების ყვავილობის პერიოდში დაკეტეთ ფანჯრები და მოერიდეთ გარეთ გასვლას. მტვრის ტკიპებზე ალერგიის შემთხვევაში კი ხშირად ხეხეთ ზედაპირები სველი წესით, გამოიყენეთ მტვერსასრუტი, გარეცხეთ თეთრეული მაღალ ტემპერატურაზე და გამოიყენეთ სპეციალური ანტიალერგიული შალითები მატრასებისა და ბალიშებისთვის.
  • აწარმოეთ დღიური: ალერგიის მიზეზების დასადგენად ჩაინიშნეთ თქვენი ყოველდღიური რაციონი, აქტივობები, სიმპტომების გამოვლენის ზუსტი დრო და ის საშუალებები, რომლებიც მდგომარეობას გიმსუბუქებთ. ეს მონაცემები დაეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში.
  • ატარეთ სამედიცინო საინფორმაციო ატრიბუტი: თუ ანამნეზში გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქციები, ატარეთ სპეციალური სამედიცინო სამაჯური ან ყელსაბამი. გონების დაკარგვის ან მეტყველების უნარის შეზღუდვის შემთხვევაში, ეს ნიშანი გარშემომყოფებსა და მედიკოსებს თქვენი ალერგიის შესახებ სასწრაფოდ მიაწვდის ინფორმაციას.
მკურნალობა

ალერგიის მკურნალობის მეთოდები მოიცავს შემდეგს:

  • ალერგიის გამომწვევ ფაქტორებთან (ტრიგერებთან) კონტაქტისთვის თავის არიდება: თქვენი მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ ალერგიის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებასა და მათთან კონტაქტის თავიდან აცილებაში. ხშირად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალერგიული რეაქციების პრევენციისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად.
  • მედიკამენტები: თქვენი ალერგიის ტიპიდან გამომდინარე, მედიკამენტები გეხმარებათ იმუნური სისტემის რეაქციის დაქვეითებასა და სიმპტომების შემსუბუქებაში. ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ წამლები აბების, სიროფის, ნაზალური (ცხვირის) სპრეის ან თვალის წვეთების სახით.
  • იმუნოთერაპია: ეს მეთოდი გამოიყენება მძიმე ფორმის ალერგიების სამკურნალოდ, ან მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობა ეფექტური არ არის. იმუნოთერაპია გულისხმობს გაწმენდილი ალერგენის ექსტრაქტების ინექციების (ნემსების) სერიას. ეს ექსტრაქტები „ავარჯიშებს“ იმუნურ სისტემას, რათა მან მძაფრად არ მოახდინოს რეაქცია სავარაუდო ალერგენზე. როგორც წესი, ინექციები რამდენიმე წლის განმავლობაში კეთდება.
  • სუბლინგვალური იმუნოთერაპია: იმუნოთერაპიის კიდევ ერთი ფორმაა აბი, რომელიც თავსდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე. ენისქვეშა (სუბლინგვალური) მედიკამენტები გამოიყენება ზოგიერთი სახის მტვრის ალერგიის სამკურნალოდ.
  • გადაუდებელი ეპინეფრინი: თუ მძიმე ფორმის ალერგია გაქვთ, შესაძლოა მუდმივად თან უნდა ატაროთ ეპინეფრინის გადაუდებელი ნემსი. ეპინეფრინის ინექციას (Auvi-Q, EpiPen და სხვა) შეუძლია შეამსუბუქოს მწვავე ალერგიული რეაქციის სიმპტომები მანამ, სანამ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მიიღებთ.
როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც, თქვენი ვარაუდით, ალერგიული ბუნებისაა, ხოლო აფთიაქში ურეცეპტოდ შეძენილმა მედიკამენტებმა მდგომარეობა ვერ შეგიმსუბუქათ, მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები რომელიმე დაავადების სამკურნალოდ ახალი პრეპარატის მიღებისთანავე დაგეწყოთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

მნიშვნელოვანია: მწვავე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) ნიშნების გამოვლენისთანავე სასწრაფოდ დარეკეთ 112-ში ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

გახსოვდეთ: ალერგიის თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან არასწორად შერჩეულმა პრეპარატებმა შესაძლოა დაავადება გააუარესოს. პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ კვალიფიციურ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, რომელიც ჩაატარებს საჭირო ტესტებს და შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.

ჯანმრთელობის გზამკვლევი – თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია